ნათია თურნავა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა
ნათია თურნავა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს, რათა შემდეგ დროულად მოხდეს მათი მოგვარება.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერის დავალებით, გააქტიურდება კომუნიკაცია ბიზნესთან.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომ შეხვედრებზე კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილება, რომელთაც სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესის ჩართულობის გაზრდაზე ისეთი ნორმატიული ბაზის ცვლილებებისას, რომელიც ბიზნესის საქმიანობის რეგულირებას შეეხება. ასევე, ხაზი გაესვა საერთო სასამართლოებში გაჭიანურებული ბიზნესდავების საკითხს და სხვა აქტუალურ საკითხებს.