ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო მიზიდულობის ცენტრის აღორძინებას
ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო მიზიდულობის ცენტრის აღორძინებას

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წყალტუბოში არის უნიკალური ბუნება, წყლები, არქიტექტურა.

მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდნენ, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.

„ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას – გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. რატომ? იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია და ეს ნათელი გახდა. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება.

„მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“, – განაცხადა თურნავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.