ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივა ყინულმჭრელის როლს ასრულებს წყალტუბოს განვითარების პროცესში
ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივა ყინულმჭრელის როლს ასრულებს წყალტუბოს განვითარების პროცესში

წყალტუბოს განვითარების პროექტი თავისი მასშტაბით სცდება ერთ მუნიციპალიტეტს და სახალხო პროექტია, – ამის შესახებ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სურვილია, რომ პროცესი იყოს საჯარო.

„დღეს ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელების გეგმის განხილვას. გვინდა, ეს პროცესი იყოს ძალიან საჯარო, ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ გვსურს, თითოეული ნაბიჯი იყოს ყველასთვის ცნობილი. გეგმის ფარგლებში დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს, მათ შორის, სახელმწიფოს რა ფუნქციები ექნება, კერძო ბიზნესი რა სახის ფუნქციას შეასრულებს. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელმაც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივაა. ეს რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში. ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით ისეთი ბუნებისაა, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბს და სახალხო პროექტია, გვინდა, დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.