ნათია თურნავა - ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, შევიძინეთ კონკურენტული უპირატესობები იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ და მოვემსახუროთ ტურისტებს
ნათია თურნავა - ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, შევიძინეთ კონკურენტული უპირატესობები იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ და მოვემსახუროთ ტურისტებს

ჩვენ მზად ვართ და ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით შევიძინეთ ძალიან ბევრი კონკურენტული უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ და მოვემსახუროთ ტურისტებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჯანდაცვის და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით მოხდება. პირიქით, ჩვენ ახლა სწორედ იმით ვართ ძლიერები და მიმზიდველები, რომ ვართ ის ქვეყანა, რომელიც სხვაზე უკეთ შეძლებს, ეს წესები შეასრულოს. ამაზე მეტყველებს თუნდაც, ის უნიკალური გამოცდილება, რაც შეიძინა ჩვენმა განთავსების ინდუსტრიამ, ჩვენმა სასტუმროებმა, საკარანტინო სივრცეების გამოყოფით და საკარანტინო პროგრამაში მონაწილეობით. იმიტომ, რომ ამ პროგრამაში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები იყო დაცული და ეს ჩვენი უნიკალური ცოდნა გამოგვადგება, რათა ერთ-ერთი უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა ვიყოთ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველო საზღვრების გახსნისთვის და ტურისტების მიღებისთვის ემზადება, რაც ასევე საერთაშორისო გაიდლაინების და წესების დაცვით მოხდება, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

„მანამდე, ჩვენ მზად ვართ, ორმხრივ რეჟიმში ვისაუბროთ ამა თუ იმ ქვეყანასთან ე.წ. უსაფრთხო კორიდორზე. ეს არის მოლაპარაკება ორ, ან რამდენიმე ქვეყანას შორის იმის თაობაზე, რომ ისინი ამკვიდრებენ უსაფრთხოების სტანდარტებს, რა სტანდარტებსაც ჩვენ ვიცავთ და ერთმანეთს ვენდობით ამ სტანდარტების დაცვაში. ეს გვაძლევს საშუალებას, ისე დავიწყოთ ტურისტების მიმოსვლა, რომ არც საკუთარ მოსახლეობას მივაყენოთ რამე ზიანი და არც ჩამოსული ტურისტი დადგეს რისკის ქვეშ. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ასეთ ურთიერთობებს და ტურისტების გაცვლას“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო ფრენებს და ტურისტების მიმოსვლას აღადგენს იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს მსგავსად იქნებიან მზად, რომ პატივი სცენ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და დაიცვან ისინი.

„მოლაპარაკება მიდის მთელ რიგ ქვეყნებთან. არის ძალიან დიდი ინტერესი და უკვე პროგრესი ისრაელთან; არის ინტერესი და პირველადი მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ასევე, ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს იმას, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთში უკვე იწყებენ საუბარს საზღვრების გახსნაზე და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, ამ პროცესის მიღმა არ დავრჩეთ და ამ პროცესის მონაწილე გავხდეთ. რა თქმა უნდა, აქაც აუცილებელი მოთხოვნა იქნება, დაცული იყოს საერთაშორისო გაიდლაინები და უსაფრთხოება, მაგრამ ყველაზე მეტად რეალისტურია, პირველ ეტაპზე ზაფხულის კურორტებს ჩვენი რეგიონის ქვეყნები ესტუმრონ, ისევ და ისევ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით. ჩვენი რეგიონის ქვეყნები იმიტომ, რომ აქ საუბარია როგორც საჰაერო მიმოსვლაზე, ისე სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი და ეს ის რეგიონებია, რომლებიც ყველაზე მეტად სტუმრობდა საქართველოს“, – განაცხადა თურნავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაახლოებით, რა პერიოდისთვის არის ნავარაუდევი ავიამიმოსვლის სრულად აღდგენა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს ისევ და ისევ სხვა ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული და იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ხოლო რაც შეეხება ნაწილობრივ აღდგენას, ეს ნაწილობრივი აღდგენა დაიწყება იქამდე, ვიდრე ჩვენს საზღვრებს გავხსნით. ანუ, ეს იქნება ივლისის დასაწყისში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.