ნათია თურნავა - ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძლობა საქართველოსთვის საშუალებაა, ქვეყანა მსოფლიოს გააცნოს
ნათია თურნავა - ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძლობა საქართველოსთვის საშუალებაა, ქვეყანა მსოფლიოს გააცნოს

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, თავი მსოფლიოს გააცნოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც გამოფენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობდა.

პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-ბაზრობას ITB Berlin მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

„ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაუწყეთ, რომ საქართველომ მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი – 2022 წელს ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ვიქნებით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული ინდუსტრიის გამოფენა, 180-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი და ძალიან მაღალი საპატიო სტატუსია. პირველ რიგში, ეს არის აღიარება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი და მიმზიდველი ტურისტული ბაზარი. 9 300 000-ზე მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობდით 2019 წელს, ანუ თითქმის სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი საკუთარი მოსახლეობაა. ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა და ინტერესის გამოხატულებაა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს არის აღიარება, რომ საქართველო ტურიზმის სფეროში სწორ პოლიტიკას აწარმოებს.

„პირველ რიგში, ეს ინფრასტრუქტურაა, რომელიც წლების განმავლობაში შევქმენით, რამაც შესაძლებლად აქცია კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა და ა.შ, ასევე ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის და ეს არის სწორი პოლიტიკა, ლიბერალური, ღის ცის პრინციპი, სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, ასევე ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ძალიან დიდ წარმატებას ველოდებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა კერძო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, მოიპოვოს წვდომა უფრო მეტ ბაზარზე.

„საქართველოსთვის კი, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულიად მსოფლიოს გააცნოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის – ITB Berlin ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის – ITB Berlin მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.

დატოვე კომენტარი