ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი
ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა, ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება. მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის, ახალი ტერმინალის ამოქმედება – ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, როლსა და ფუნქციას.

„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციების სინერგიით. ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმისა, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუააზიელი, ქართველი და ამერიკელი ინვესტორების საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ინტერესია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება მთელ მსოფლიოში – აშშ-ში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.