ნათია თურნავა - ბათუმის აეროპორტი გაფართოვდა, ახლა უკვე თანამედროვე შენობით ვუმასპინძლებთ ტურისტებს
ნათია თურნავა - ბათუმის აეროპორტი გაფართოვდა, ახლა უკვე თანამედროვე შენობით ვუმასპინძლებთ ტურისტებს

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჯერ ეს ერთი, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის  მიუხედავად, 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ბათუმის აეროპორტი გაფართოვდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის განახლებული აეროპორტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ახლა უკვე ტურისტებს განახლებული, ძალიან ლამაზი, თანამედროვე შენობით უმასპინძლებენ.

„პრაქტიკულად ფართი გაორმაგდა. გამტარუნარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1 200 000 ტურისტს მოემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი და განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ეტაპობრივად შევამსუბუქეთ რეგულაციები. რა თქმა უნდა, ვაქცინაციისა და მკაცრი პროტოკოლების შესრულების ფონზე, ველოდებით უკვე პირველ ტურისტებს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უკვე მოფრინავენ პირველი ტურისტები. მაგალითად, ისრაელის რეისი დაჯდა. 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალშიც ბათუმის აეროპორტში. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ინვესტორებს სჯერათ, ძალიან მალე ქვეყანა დაძლევს პანდემიას და აღდგება ტურიზმი. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ანუ, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საფუძვლიანი რწმენა, არამედ ინვესტორების რწმენაც. სწორედ ამის დასტურია ეს შესანიშნავი პროექტი, რომელიც ძალიან მოკლე ხანში პანდემიის მიუხედავად, შედგა და ახლა უკვე განახლებული, ძალიან ლამაზი, თანამედროვე შენობით ვუმასპინძლებთ ჩამოსულ ტურისტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.