ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა
ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID – ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სსიპ-ების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და მის ხალხს, რომლებიც USAID-ის, კონკრეტულად კი, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით, პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევას.

„შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

„აშშ დაინტერესებულია ინვესტიციების ხელშეწყობით იმ სხვადასხვა სექტორში, რომლებიც მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის – ეს სექტორებია ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამინისტროში შემავალ ორგანიზაციებთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე და ნამდვილად ველით დიდ შედეგებს, მათ შორის მაღალკვალიფიციური, ხარისხიანი ტურიზმის დაბრუნებას, რათა ეკონომიკა მართლაც განვითარდეს როგორც თბილისში, ასევე სოფლად“, – განაცხადა Usaid-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა.