ნათია თურნავა არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირება დასრულდა
ნათია თურნავა არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირება დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს, არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე.

ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

ღონისძიების ფარგლებში, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის ოთხშვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რვა სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა.

გაზიფიცირების 2019-2021 გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 707 768 ლარია. ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში დამატებით 1 650 აბონენტი ჩაერთვება. სამწლიანი გეგმის ბოლოს კახეთის რეგიონში სულ გაზიფიცირებული იქნება 149 726 აბონენტი, რაც რეგიონის მოსახლეობის 95%-ია.