ნათია თურნავა - არცერთი ჩვენი რეგულაცია, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია, არ უკავშირდება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს
ნათია თურნავა - არცერთი ჩვენი რეგულაცია, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია, არ უკავშირდება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს

ჩვენი ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბანკო სისტემის მხრიდან. ამიტომ ნუ ეცდებით კონკრეტული სახელისა და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.

ნათია თურნავამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

„კონკრეტულ სახელებსა და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არცერთი ჩვენი რეგულაცია და, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ უკავშირდება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.