ნათია თურნავა - არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია გაღრმავდეს
ნათია თურნავა - არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია გაღრმავდეს

ლარის კურსის რყევები არის ზომიერი, ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმისა და საგარეო ვაჭრობის შეზღუდვის მიუხედავად, ლარის დინამიკა არ არის დიდი რყევებით გამორჩეული.

„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, რყევები პროცენტულადაც ​დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება, გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი