ნათია თურნავა - არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც დაანონსებული იყო
ნათია თურნავა - არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც დაანონსებული იყო

არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც დაანონსებული იყო, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სარესტორნო ბიზნესის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დღეს თვითნებურად არ განაახლებენ მუშაობას.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს ბიზნესის წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქცია ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს.

„არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც იყო დაანონსებული, რომ თითქოს რესტორნები მაინც გაიხსნებოდნენ და იმუშავებდნენ. ეს იქნებოდა სერიოზული კანონდარღვევა და ამას თავის პასუხისმგებლობა გარდაუვლად მოჰყვებოდა. დღეს რაც არის, ეს არის სრული კონსტიტუციური უფლება ამ ადამიანების, ვინც ჩართულები არიან ბიზნესებში და გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მე მინდა ასევე ხელისუფლების პოზიციაც გაიგონ, გაგებით მოეკიდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ორი ამოცანა დავაბალანსოთ. ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს არის ბიზნესის და ეკონომიკის ინტერესები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად 8 და 15 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს შესაძლებლობა, სრულყოფილად აღვადგინოთ ყველა ბიზნესის საქმიანობა ისე, როგორც ეს იყო 2019 წელს, ანუ პანდემიამდე. რა თქმა უნდა, ბიზნესებს ახსოვთ 2018-2019 წლები, რომელიც ტურისტული ინდუსტრიისთვის საუკეთესო იყო. შარშან  და წელს მთლიანად მსოფლიოს ტურისტულ ინდუსტრიას გლობალურად გაუჭირდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩნდება პროტესტი, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინახონ, რამდენად დიდ ძალისხმევას ვწევთ ჩვენ, მთავრობა, რათა შეძლებისდაგვარად არ დავაზარალოთ ეპიდვითარება და თან ვამუშაოთ ბიზნესი.

იცით, რომ 15 თებერვლიდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეებში სარესტორნე ინდუსტრიას ვხსნით, სასტუმროები ყველგან მუშაობენ, გარდა ზამთრის კურორტებისა. საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია იყო ამაზე, რომ არ გაგვეხსნა ზამთრის კურორტები, რადგან იქ ეპიდაფეთქების დიდი ალბათობა არსებობდა. გარდა ამისა, 8 თებერვალს დაიწყება რესტორნების ახალი შერჩევა, ვინც მიიღებს სესხის სუბსიდირებას. ასევე, ამ პროგრამაში, „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ ჩვენ ჩავრთეთ ფიტნეს დარბაზები, სპორტული მოედნების მფლობელები, აუზების მფლობელები, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. რა თქმა უნდა ეს არ არის ის, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ნეგატიური ზემოქმედება. ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში არ გაუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.