ნათია თურნავა - არ არის გამორიცხული, ევროპელმა დამსვენებლებმა არჩევანი შეცვალონ იმის გამო, რომ საქართველოს კურორტები ყველაზე კარგად მომზადებული იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით
ნათია თურნავა - არ არის გამორიცხული, ევროპელმა დამსვენებლებმა არჩევანი შეცვალონ იმის გამო, რომ საქართველოს კურორტები ყველაზე კარგად მომზადებული იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით

არ არის გამორიცხული, რომ ევროპელმა დამსვენებლებმა თავიანთი ჩვეულებრივი არჩევანი შეცვალონ იმის გამო, რომ საქართველოს კურორტები ყველაზე უსაფრთხო და კარგად მომზადებული იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„არ არის გამორიცხული, რომ მათ თავიანთი ჩვეულებრივი არჩევანი შეცვალონ ჩვენი აჭარის, გურიის თუ სამეგრელოს კურორტების სასარგებლოდ. დღეს პრიორიტეტები იცვლება და პრიორიტეტი არა მხოლოდ კომფორტია, არამედ უსაფრთხოება და ჩვენ შეგვიძლია, დამსვენებლებს ეს უსაფრთხოება შევთავაზოთ“, – განაცხადა თურნავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ზომებს გაატარებს სახელმწიფო იმისთვის, რომ საქართველოს საზღვაო კურორტებზე წლევანდელი ზაფხულის სეზონი უსაფრთხო იყოს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საზღვაო კურორტები მთავრობისთვის პრიორიტეტია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საზღვაო კურორტების წლევანდელი სეზონი არ დაიკარგოს.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს აჭარას, გურიას და სამეგრელოს საზღვაო კურორტებს თავისი დამსვენებელი ჰყავდეს. ის ფაქტი, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურისტებისთვის ტურისტულ ინდუსტრიას ვხსნით, ჩვენს შიდა დამსვენებელს საშუალებას მისცემს, მათ შორის, საზღვაო კურორტებს ესტუმრონ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზღვრების გახსნამდე ჩვენი საზღვაო კურორტები უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტით აღიჭურვოს. ასევე, ის სერიოზული შეღავათები, რაც ამ ინდუსტრიას პაკეტურად შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, საზღვაო კურორტებსაც შეუმსუბუქებს მდგომარეობას, რომ ისინი უფრო მალე მოემზადონ გასახსნელად“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს საზღვაო კურორტები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობდა ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსვენებლებს შორის და კვლავ არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ ამ ქვეყნებიდან დამსვენებლები მრავლად ჩამოვიდნენ.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია, აქაც, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთანაც განვახორციელოთ უსაფრთხო დერეფნების კონცეფცია და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პირველი ნაკადი, რომელიც ჩვენს საზღვაო კურორტებს ესტუმრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.