ნათია თურნავა - აპრილში ეკონომიკის 16.6 პროცენტიანი ვარდნა მოსალოდნელი იყო, არ დაგიმალავთ, მაისიც მძიმე იქნება და ივნისიც
ნათია თურნავა - აპრილში ეკონომიკის 16.6 პროცენტიანი ვარდნა მოსალოდნელი იყო, არ დაგიმალავთ, მაისიც მძიმე იქნება და ივნისიც

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ აპრილში ეკონომიკის 16.6 პროცენტიანი შემცირება მოსალოდნელი იყო.

როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, თუმცა ყველა მონაცემი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში 2021 ეკონომიკის ზრდის წელი იყოს.

„აპრილის თვეში 16 პროცენტიანი, უფრო მეტი – 16.6 პროცენტიანი ვარდნა ეს იყო მოსალოდნელი. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და ივნისიც მძიმე იქნება. ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში, მაგრამ ყველა მონაცემი გვაქვს იმისთვის, რომ 2021 წელი უკვე იყოს ზრდის წელი. ასეთი კონკრეტული საწარმოები, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის შემცირება პანდემიის შედეგია.

„მოდით, ამაზე ყველამ ვისაუბროთ გულისტკივილით, ეს არის შედეგი პანდემიის, შედეგი იმისა, რომ ეკონომიკა გავაჩერეთ, რომ არ ყოფილიყო ინფექციის გავრცელება და მეორეც – გლობალური კრიზისია, კრიზისია საქართველოშიც. მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო, რადგან მოსალოდნელი 5 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5 პროცენტიან ვარდნას, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქნება აღმატების წელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ აღნიშნული კომენტარი ქუთაისში გააკეთა, სადაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა.