ნათია თურნავა - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყველა დაზარალებული კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს
ნათია თურნავა - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყველა დაზარალებული კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და პრაქტიკულად, ყველა დაზარალებულ კატეგორიას შეეხება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ გეგმით მთავრობა ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც დღემდე მუშაობს, მაგრამ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული, რომ არ დაკარგავენ სამუშაო ადგილებს მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპანიებს გაუჭირდა.

მისივე თქმით, გეგმა ასევე ითვალისწინებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, დაკარგეს სამუშაო, თუმცა გეგმის მიხედვით მათ გაეწევათ დახმარება, რომ რამდენიმე თვე გადალახონ და შემდგომ კვლავ აქტიურად შეძლონ ეკონომიკაში ჩართვა.

ნათია თურნავას განმარტებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ასევე ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა და მოწყვლადი კატეგორიის დახმარებას, მათ შორის შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და პენსიონრების დახმარებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკას ასეთი დარტყმა მიადგა – მინუს 4 პროცენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მინუს თითქმის 2  მილიარდი ლარი ჩვენ ბიუჯეტით,  არ გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და ვთავაზობთ მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება, არ იმოქმედებს არც ინფლაცია და მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ეს გეგმა არის ყოვლისმომცველი და ყველა კატეგორიას ეხება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ადამიანზე ზრუნვითაა გამსჭვალული და იმ ნაწილშიც კი, სადაც ბიზნესის დახმარებას ეხება, საბოლოო ჯამში, გეგმით გათვალისწინებული დახმარების მთავარი მიზანი ადამიანია, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ან მომავალში დასაქმდება.

„მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს და ვიცით, რამდენ ადამიანს, რამდენ კატეგორიას შეეხება ეს პრობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უკვე გვაქვს დაფინანსების გარანტირებული წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებით. ასე რომ, ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში აისახება ბიუჯეტში“, – დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.