ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტის ინვესტორიც მიხვდა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხი მართლაც არ არის ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა
ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტის ინვესტორიც მიხვდა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხი მართლაც არ არის ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა

ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორიც მიხვდა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხი, მართლაც არ არის ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა, პირიქით, დააზარალებდა ანაკლიის პროექტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა.

ნათია თურნავამ კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა, როგორ შეხვდნენ ანაკლიის პორტის პროექტის დონორი ფინანსური ორგანიზაციები ფოთის პორტთან დაკავშირებით დოკუმენტის გაცემის საკითხს.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობისთვის პრიორიტეტია.

„ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება. ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და ბანკებთან. სხვათა შორის, ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან. არანაირი გადაჭარბებული რეაქცია ბანკების მხრიდან ამ საკითხზე არ არის. არადა, ეს არის ფინანსური პაკეტის შეკვრის მთავარი წყარო. იყო ძალიან გადაჭარბებული მყისიერი რეაქცია ინვესტორის მხრიდან და შენიშვნაც კი იყო ჩვენს მიერ, რომ სჯობს, ფოკუსირებული იყოს ამოცანებზე, რაც ახლა დგას მის წინაშე. ეს ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანებია, რომ დროულად შევკრათ ფინანსური პაკეტი და წინ წავიდეთ პროექტში. როგორც ჩანს, ინვესტორიც მიხვდა, რომ მართლაც არ არის ეს ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა და პირიქით, დააზარალებდა ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  30 მაისს განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.