ნათია თურნავა - ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ
ნათია თურნავა - ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან გამკლავება ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით ხერხდებოდა, ახლა კი ეპიდვითარებას ჩაკეტვების გარეშე მართავენ.

თურნავას თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას. შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ვარეგულირებდით ამას ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით. წელს ჩვენ იგივე ამოცანას, ანუ ეპიდსიტუაციის მართვას, ვაკეთებთ ჩაკეტვების გარეშე.

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ. უქმეების გამოცხადებამ და საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ მობილობის შემცირების კუთხით იმუშავა. ამ ეტაპზე რაიმე დიდ შეზღუდვებს ბიზნესში არ ვაწესებთ და ვცდილობთ, რომ ამის გარეშე გავიდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხს, თურნავას თქმით, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

„საუბარია დაახლოებით იგივე წესებზე, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იგივე პრინციპის გამოყენება სახმელეთო ვიზიტორების მიმართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი