ნათია თურნავა - აფთიაქები შეთანხმდნენ, რომ თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, მაგრამ შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას
ნათია თურნავა - აფთიაქები შეთანხმდნენ, რომ თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, მაგრამ შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელები პირბადეების რეალიზაციის ლიმიტზე შეთანხმდნენ – თითო მომხმარებელზე სამი ცალი გაიცემა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები დღეიდან გაიყიდება.

ამასთან, მისი თქმით, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება, თითო ადამიანზე გასაცემი დაწესებული ლიმიტი მოიხსნას.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ საწყის ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 400 ათასი ცალი საქართველოში დამზადებული პირბადე მიეწოდება და დაახლოებით ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარია – „ავერსის“, „ჯიპისის“, „პსპ“-სა და „ფარმადეპოს“ ქსელებზე. მისივე განცხადებით, მოქალაქეები ქართული წარმოების პირბადის შეძენას აღნიშნულ აფთიაქებში ყველაზე გვიან, შაბათს შეძლებენ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უსასყიდლოდ კერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა  ერთ ლარზე მეტი უჯდება.

„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ქართული წარმოების პირბადე, გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის სუბდისირებადი ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად – 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკრეტული აფთიაქები გვეთანამშრომლებიან და მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტს სოციალურ პროექტად განიხილავენ და ამ ფასს საკუთარ მოგებას არ დაამატებენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოებული პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა, მოჰყვება შესაბამისი ინსტრუქციაც.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა პირბადეებიც, მათ შორის იმპორტულიც.

ნათია თურნავას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის, ბოლნისისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განსხვავებული ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი გაკეთდება, რომ პირველ რიგში პირბადეები აფთიაქებს ამ რეგიონებში მიეწოდოთ.

„პირველ ეტაპზე როგორც ვთქვი, 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე – თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი