ნათია თურნავა - არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად, ამის უფლებას არავის მივცემთ
ნათია თურნავა - არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად, ამის უფლებას არავის მივცემთ

აჟიოტაჟი, რომელიც არ არის ჯანსაღი, შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად. ამის უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა და სრულად დეპოლიტიზებულია.

„ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული პოლიტიკა. ჩვენი მთავარი ორიენტირი და მთავარი ჩარჩო, რითიც ვიხელმძღვანელებთ, არის კონსტიტუცია, კანონი, რეგულაციები. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ფინანსური სტაბილურობა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. ეს პოლიტიკა, პირველ რიგში, ემსახურება ხალხს და, რასაკვირველია, სწორედ ამ მანდატის ფარგლებში შევინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ძალიან სამწუხაროა ის პოლიტიკური აჟიოტაჟი, რაც არის ატეხილი. მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, რომელიც გახლავთ აპოლიტიკური სტრუქტურა, ამიტომ თავს შევიკავებ რაიმე მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებისგან. ალბათ სწორად გამიგებთ. უბრალოდ, მინდა, ვთქვა, რომ თუნდაც ეს აჟიოტაჟი, რომელიც არ არის ნამდვილად ჯანსაღი, ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად. ამის უფლებას არავის მივცემთ. ვინმეს თუ სჭირდება დამტკიცება, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა. ეროვნული ბანკი არის სრულად დეპოლიტიზებული. ბევრი ძალისხმევა დასჭირდა მის დეპოლიტიზაციას და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.