ნათია თურნავა აცხადებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით არავაქცინირებულ პირებთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით არავაქცინირებულ პირებთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით არავაქცინირებულ პირებთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის და ახლა საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია, რათა ვაქცინაციისთვის მოსახლეობის აქტიურობა გაიზარდოს.

თურნავა ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეს მოგზაურობისას ან უცხოეთში დასაქმების დროს დასჭირდეს კოვიდპასპორტი, თუმცა ეს არა საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით იქნება გამოწვეული.

„მთავარია, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია და ახლა მართლაც საუბარი არის სხვადასხვა რეგიონში გარკვეულწილად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც განმარტებითი საქმიანობით, ჩვენ შეიძლება გავანეიტრალოთ. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვფიქრობთ რაღაცა შეზღუდვების დაწესებაზე, რადგან ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. ახლა ისეთი ტემპით მიმდინარეობს რეგისტრაცია „ფაიზერზე“, რომ პრაქტიკულად ერთი იმდენი დარეგისტრირდა, ვინც აქამდე ვაქცინირებული გვყავს, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. იმედი გვქვს, ზედმეტი, სავალდებულოობის შემოღების გარეშეც, ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას. თუმცა, არის რაღაც სფეროები, სადაც დასაქმება ხდება საერთაშორისო დონეზე. იქ არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით, დამსაქმებელი უკვე მოითხოვს სავალდებულოდ, ვაქცნირებული თანამშრომლების ყოლას. ეს ეხება, მაგალითად, მეზღვაურებს, ზღვაოსნობას. როდესაც ბათუმში დავესწარი მეზღვაურების ვაქცინაციას, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი მათ და ამბობენ, რომ ბევრი უცხოური კომპანია, გემთმფლობელი უკვე ითხოვს, რომ მეზღვაური, რომელიც იქნება ბორტზე, იყოს ვაქცინირებული. ასევე თქვენ იცით, რომ სხვადასხვა შეზღუდვა შემოაქვს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ სტატუსი ვაქცნირებულის უფრო გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას, ასევე სხვადასხვა ტიპის დასაქმებას საზღვარგარეთ. ეს არა ჩვენგან, არამედ თვითონ იმ ქვეყნების კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნა იქნება. ჩვენთან ჯერჯერობით, იმედი მაქვს, რომ ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, უბრალოდ განმარტებითი კამპანიის შედეგად, ამ ტემპებს გავზრდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.