ნათია თურნავა აცხადებს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ეტაპი მალე დაიწყება
ნათია თურნავა აცხადებს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ეტაპი მალე დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, „ოუფენ ნეტის“ საპილოტე ნაწილი მალე დაიწყება.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, რომ დააფინანსოს პროექტი სახელმწიფოსთან ერთად.

„ვიდრე დაიწყებოდა ეპიდემია, უკვე მომზადებული გვქონდა პრაქტიკულად ამ პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა მსოფლიო ბანკთან ერთად. მსოფლიო ბანკი ახლაც ადასტურებს მზადყოფნას, რომ დააფინანსოს ეს პროექტი სახელმწიფოსთან ერთად. პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი, საპილოტე ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდგომი დანარჩენი ეტაპი უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმების კვალობაზე, სავარაუდოდ უახლოეს თვეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმაში ამ პროექტის დაჩქარება, მაგრამ ახლა კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა ზოგადად ონლაინ ურთიერთობებმა, ელექტრონულ პლატფორმაზე სხვადასხვა ბიზნესის სწავლების, განათლების ურთიერთობის გადაწყობამ და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დავაჩქარებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა პრაქტიკულად დაწყების ფაზაზეა.

„საპილოტე ნაწილი დაიწყება, უკვე დასრულდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, მშენებლობა დაიწყება და მერე, შემდგომი პროექტიც მიყვება, ძალიან მალე დასრულდება.

ძირითადი ამოცანა ამ პროექტის არის სოფლებში დაფარვა. რადგან ქალაქები მეტ-ნაკლებად არის დაფარული მაღალი სიჩქარის ინტერნეტით. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა დამონტაჟდეს იმისთვის, რომ მოხდეს იმ სოფლების ინტერნეტიზაცია, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან დაბალი ხარისხის ინტერნეტია. ეს არის დაახლოებით 800 დასახლებული პუნქტი, სადაც მივა ეს კაბელი და თუ საჭიროება იქნება და გზადაგზა გამოვლინდა, რომ უფრო მეტი არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაფართოვოთ ეს არეალი“, – აცხადებს ნათია თურნავა.