პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ
პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ მორიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რა დროსაც არაერთ საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის – პანდემიასა და მასთან ბრძოლაზე.

„ჩვენ ხვალ გვექნება კომისიის მორიგი სხდომა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას ახასიათებს უფრო მაღალი დადებითობის მაჩვენებელი და დღიური ინფიცირება, მაგრამ პარალელურად, ჩვენთვის მთავარია, წავახალისოთ მეტი ვაქცინაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურისტული ობიექტები აქტიურად არიან ჩართული. როგორც თურნავამ აღნიშნა, აცრას თავადაც გეგმავს.

„იცით, რამდენიმე ხნის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის ინდუსტრია გამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით, დავიწყეთ განაცხადების მიღება. პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები. მათთან ერთად, თავადაც ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას. ხვალ ვიმსჯელებთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.