ნათია თურანავა - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესების დანერგვა და დაცვა ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა იქნება, ამას გავაკონტროლებთ
ნათია თურანავა - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესების დანერგვა და დაცვა ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა იქნება, ამას გავაკონტროლებთ

ჩვენ ახლა პრაქტიკულად, კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე მიდგომები გამკაცრდა, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისევ ისე ეფექტიანად, როგორც დღემდე, ვმართავთ პირველ რიგში პრევენციულ ღონისძიებებს, ამ პრობლემებს და ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან, – ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურანავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი, ანუ გამკაცრებული ზომები.

„ეს გაგრძელდა ეკონომიკურ საქმიანობაზე, ეს ბიზნესზე, გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ შექმნილ ვითარებას, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დაცვა ბიზნესების ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა იქნება.

„ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აქცენტს კვლავინდებურად ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ გაიდლაინებზე, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ჩვენ ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.