ნათია მიქელაძე - ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობამ გადაიხადა კომპენსაცია და განახლდა გამოძიება
ნათია მიქელაძე - ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობამ გადაიხადა კომპენსაცია და განახლდა გამოძიება

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

ამის შესახებ ნათია მიქელაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ.

„საკითხი იყო – განახორციელოს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ივანე მერაბიშვილის მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც მითითებულ იქნა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, კომპენსაციის თანხის გადახდა მთავრობამ განახორციელა 2018 წლის 22 თებერვალს, სასამართლოს მიერ დადგენილ სამთვიან ვადაში“, – აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

რაც შეეხება საქმის ხელახალ გამოძიებას, ნათია მიქელაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აქვე, როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ამჟამად არ არსებობს ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში გამოიყენოს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვლის გაფართოებას, რომელიც მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მესამე პრიმა მუხლის ა ქვეპუნქტში. მუხლების ჩამონათვალს ემატება სამოხელეო დანაშაულის მთლიანი თავი, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის ეფექტიან გამოძიებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამჟამად აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორი მოსმენით უკვე არის მიღებული“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.