ნათია მეზვრიშვილი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს
ნათია მეზვრიშვილი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა, ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 23 მაისიდან, საკმაოდ ბევრი შეზღუდვა გაუქმდა, რომელიც მოქალაქეების წუხილს იწვევდა და მათ დისკომფორტს უქმნიდა.

„გაუქმდა კომენდანტის საათი, მოიხსნა სამ-კაციანი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებაზე და ა.შ., ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, გეგმით გათვალისწინებულზე ადრე ამუშავდა და გაიხსნა. ეს ყველაფერი მოხდა, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებისა და ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ვირუსის პირობებში. სწორედ, ამით იყო განპირობებული, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, 23 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდა, მათ შორის: გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, საჯარო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული სიტუაცია ისე, რომ ჩვენ საკარანტინო რეჟიმის მოხსნის საშუალება გვქონდეს, შესაბამისად, ერთბაშად ვერ მოვხსნით ყველა შეზღუდვას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისის არასწორ ინტერპრეტაციას. მისი განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს.

„ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არასდროს არ არის. არასწორად იყო ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი. უბრალოდ, პროცედურულად, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მოქმედებს 15 ივლისამდე და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე ან უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მდგომარეობა გვექნება, ამაზე დღეს შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე. მხოლოდ ტექნიკური მზაობა, ანუ ის, რომ ტრანსპორტი არსებობს და ამუშავებისთვის მზადაა, საერთო მზაობისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, ვმსჯელობთ, რა თანმიმდევრობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობები ავამუშაოთ, იქნება ეს ერთბაშად თუ ეტაპობრივად. პირბადე იქნება სავალდებულო, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობის მიხედვით. გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც და ამ დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოვხსენით, რომელიც მათ შორის სოციალურ დისტანციასთან და მობილობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ასე რომ, მოქალაქეებმაც სწორად უნდა გაგვიგონ, ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის ნდობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გავასაჯაროებთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.