ნათია მეზვრიშვილი - წესრიგის დაცვის ფუნქცია არის მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არავის აქვს 
ნათია მეზვრიშვილი - წესრიგის დაცვის ფუნქცია არის მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არავის აქვს 

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია და არავის, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი მოწოდებების შესახებ მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა და გამოძიება დაიწყო უკანონო ფორმირების მუხლით.

მისივე თქმით, სამინისტრო ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს კანონდარღვევებზე აქვს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ამ საკითხს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციები რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა, ამ ტიპის ფორმირებებში გაწევრიანება ისჯება კანონით და უფრო მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა. დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. ახლა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება.

ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ ძალიან კარგად, მოგეხსენებათ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია და არავის, არც ერთ სხვა დაჯგუფებას თუ ფორმირებას, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია. სამართალდამცველი ორგანოები და ზოგადად სახელმწიფო ამას არ დაუშვებს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც წესი, ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება.

„კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, ისჯება როგორც შექმნა, ისე შექმნის მცდელობა, მისი ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ამიტომ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ, ნებისმიერი ჯგუფის მიმართ სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაქცია. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი, განურჩევლად მათ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნისა. გამოძიების შედეგები უნდა ვიხილოთ გონივრულ ვადებში, რაც როგორც წესი ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამ ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება შესაბამისი დრო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.