ნათია მეზვრიშვილი - წესების 90-პროცენტიანი შესრულება თუ გვექნება, შევძლებთ, დაახლოებით 70 პროცენტით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ
ნათია მეზვრიშვილი - წესების 90-პროცენტიანი შესრულება თუ გვექნება, შევძლებთ, დაახლოებით 70 პროცენტით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, რიგში დგომისას, გაჩერებებზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან.

„გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება მკაცრად რეკომენდებულია, ვინაიდან წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან. ამაზე ბევრს საუბრობენ ექიმები და ეპიდემიოლოგები. თუ ჩვენ გვექნება წესების 90%-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ და რაც მთავარია, რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ჩვენ ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.