ნათია მეზვრიშვილი - სკოლებში მანდატურების სამსახურთან საპატრულო პოლიციის კოორდინაციას მაქსიმალურად გავაძლიერებთ
ნათია მეზვრიშვილი - სკოლებში მანდატურების სამსახურთან საპატრულო პოლიციის კოორდინაციას მაქსიმალურად გავაძლიერებთ

დღეს ძირითად გამოწვევას 14 წლამდე პირები წარმოადგენენ, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში დანაშაულის გარკვეული მატება ფიქსირდება, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მესმის, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი კანონის გამკაცრებას ითხოვს, რადგან 14 წლამდე ასაკის პირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ხისტი მიდგომები არ გვაქვს, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. მაქსიმალურად ვცდილობთ, უფრო მეტად პრევენციაზე ვიყოთ ორიენტირებული – შევქმნათ და გავაძლიეროთ სარეაბილიტაციო პროგრამები, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს; შევქმნათ სოციალური სერვისები, რადგან ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მანდატურების ეფექტურობის გასაძლიერებლად საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება.

„აქ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ალბათ, ერთ–ერთი მიმართულება იქნება, თუ ვის უნდა ექვემდებარებოდეს ეს სამსახური, როგორ უნდა ხდებოდეს მანდატურების სამსახურში მიღება, როგორ უნდა მოხდეს მათი გადამზადება, როგორი უნდა იყოს მათი შრომის ანაზღაურება და ა.შ. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით და ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შედეგები უკვე დავდეთ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, მეორე მიმართულების ფარგლებში შსს–მ ერთობლივი ძალებით იმ სკოლების იდენტიფიცირება მოახდინა, სადაც შედარებით მეტი სამართალდარღვევა ხდება.

„ამ სკოლებში მანდატურების სამსახურთან საპატრულო პოლიციის კოორდინაციას მაქსიმალურად გავაძლიერებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მესამე მიმართულება რეფერირების სისტემის დახვეწაა და შსს–ს უახლოეს დღეებში რეფერირების მექანიზმის კონცეფცია ექნება.

„ამ პროცესში მაქსიმალურად დაგვჭირდება არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფსიქოლოგებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, რადგან 14 წლამდე ასაკის პირებში დანაშაულის პრევენცია რეფერირების ეფექტიანი მექანიზმის აწყობაზე ბევრადაა დამოკიდებული“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.