ნათია მეზვრიშვილი - შს სამინისტრო დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან
ნათია მეზვრიშვილი - შს სამინისტრო დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან

შს სამინისტრო დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორის და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა.

მეზვრიშვილის თქმით, სამინისტრო თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან და მზად არის, ითანამშრომლოს საგამოძიებო კომისიასთან.

მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 8 ივნისს დაკავებულ მერაბ მორჩაძესთან დაკავშირებით.

მეზვრიშვილის თქმით, ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.