ნათია მეზვრიშვილი - შეზღუდვები თუ დღეს ერთბაშად მოიხსნება და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, შეიძლება, ძალიან მძიმე სურათი მივიღოთ
ნათია მეზვრიშვილი - შეზღუდვები თუ დღეს ერთბაშად მოიხსნება და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, შეიძლება, ძალიან მძიმე სურათი მივიღოთ

დღეს თუ შეზღუდვები ერთბაშად მოიხსნება და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, შეიძლება, ძალიან მძიმე სურათი მივიღოთ, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ამით შეიძლება, ის ყველაფერი, რაც აქამდე გვიკეთებია, წყალში ჩაიყაროს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაახლოებით, რა ეპიდსურათი ივარაუდება 22 მაისისთვის, ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულების დროს და როდის გახდება შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგები პიკს აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან, ხოლო პიკის ეფექტიანად მართვა შეუძლებელია, თუ პიკის მოქმედების პირობებში საგანგებო მდგომარეობა არ გვექნება და გარკვეული შეზღუდვები არ იმოქმედებს. 

„სწორედ ეს იყო ჩვენი ძირითადი არგუმენტი, როდესაც დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ვითხოვდით. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური სურათის შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, რაზეც პარლამენტშიც ვისაუბრე და რაზეც ხელისუფლება უკვე პარასკევს ისაუბრებს “, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, სპეციალისტთა მითითებები რაც უფრო ზედმიწევნით შესრულდება, მით უფრო ადრე გახდება შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნა და ქვეყანა მით მალე შეძლებს ეკონომიკის ამუშავებას.

„თუ ეს ასე არ მოხდება და მოქალაქეები უბრალოდ, გადაწყვეტენ, რომ მთავრობის მითითებებსა და შეზღუდვებს არ უნდა დაემორჩილონ, ჩვენ შეიძლება, მძიმე სურათი მივიღოთ და ვეღარ შევძლოთ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ეს შედეგები წყალში ჩაიყრება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეკითხვაზე, უმჯობესი იქნებოდა თუ არა, შეზღუდვების ეტაპობრივად, ხანგრძლივი ვადით დაწესების ნაცვლად მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადებულიყო, მაგრამ ხანმოკლე დროით, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ძნელია იმის თქმა, რა იქნებოდა უმჯობესი, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი სიტუაციის ადეკვატურად გაკეთდა და ეს ნაბიჯები ეფექტიანი აღმოჩნდა.

„ამ შეზღუდვების დამსახურებაა ის, რომ დღეს ათასობით ინფიცირებულის ნაცვლად გვყავს 400-ზე ცოტა მეტი ინფიცირებული. ეს ყველაფერი ამ შეზღუდვების დამსახურებაა. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებდი, ცოტა მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. გასაგებია, რომ ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით ეს ყველაფერი მძიმედ გვაწვება, თუმცა, ჩვენ ამ პრობლემების დროულად მოგვარებას შევძლებთ, თუ პრობლემას მეტი გაგებით მოვეკიდებით და შეზღუდვებს ზედმიწევნით ზუსტად შევასრულებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.