ნათია მეზვრიშვილი - სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ზეპარტიულია, ყველა თანაბრად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ამ ნაწილში პროგრესს მივაღწიოთ
ნათია მეზვრიშვილი - სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ზეპარტიულია, ყველა თანაბრად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ამ ნაწილში პროგრესს მივაღწიოთ

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ზეპარტიულია და ჩვენ, ყველა თანაბრად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ამ ნაწილში პროგრესს მივაღწიოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად დღეს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით პროგრესი არ არსებობს.

„მოვიდა დრო, რომ ვაღიაროთ – რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, რეალურად, დღეს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს. ამას რაც უფრო ადრე ვაღიარებთ, მეტად სწრაფად გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. პარტიამ „საქართველოსთვის“ გუშინ ბრიფინგზე ჩვენი პოზიცია ძალიან დეტალურად განვაცხადეთ და ვაინიცირებთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელიც უპირველესად, მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ჯგუფის გავლენის შესუსტებისკენ და საბოლოო ჯამში, აღმოფხვრისკენ. უპირველესად ყოვლისა, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა. მოსამართლეების საკითხზე ბოიკოტთან დაკავშირებით მოსაზრება გავრცელდა და ჩვენი პოზიცია ცალსახა, მკაფიოა. ჩვენ ხალხმა რა მანდატიც მოგვანიჭა, ჩვენი გუნდის პარლამენტის წევრებს ვგულისხმობ, ამ მანდატს შევასრულებთ.

აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რომ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადოს, ჩვენ პროცესში, განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ. მივიღებთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესის მანკიერი მხარეები. თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების მიუხედავად, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი როგორც დღეს მიმდინარეობს, აბსოლუტურად ასუსტებს ნდობას მთლიანი პროცესის, ასევე კონკრეტული ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ. ეს ნდობა დღეს იმდენად დაბალია, რომ ამის აღდგენა გაჭირდება უპირველესად, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებით კონკრეტული ცვლილებები არ განვახორციელეთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კანონპროექტს ამზადებს. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა პარლამენტში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ამ მიზნით, პარტია „საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას.