ნათია მეზვრიშვილი - სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ
ნათია მეზვრიშვილი - სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ

ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ეს ადამიანები კლუბებში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროს კლუბებში იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო ადგილზე სამართალდამცავთა ის რაოდენობა იყო მობილიზებული, რა რაოდენობაც იქ იყო.

ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, კლუბების გარეთ სამართალდარღვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შსს-ში არ შესულა და თუ მსგავსი შეტყობინება დაფიქსირდება, მზად არიან, ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატთანაც ითანამშრომლონ.

„უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ აზრები გაიყო. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ ამ საკითხებს შევისწავლით, გარეთ უშუალოდ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა.თუ არა ადგილი. თუმცა ამ ადამიანებსაც ჩვენ ვთხოვეთ, არც ჩვენამდე არც სახალხო დამცველის აპარატამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ შეტყობინება შემოსული არ არის, თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ასევე სახალხო დამცველის სამსახურთანაც.

თუ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და არ გვითხრეს, ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით – მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა