ნათია მეზვრიშვილი - შს სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, მოძალადეები ციხიდან არ გამოვიდნენ
ნათია მეზვრიშვილი - შს სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, მოძალადეები ციხიდან არ გამოვიდნენ

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შს სამინისტრო ამზადებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ, ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს და მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ოჯახური ძალადობის საკითზე საუბრისას განაცხადა. მეზვრიშვილის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, საკანონმდებლო პაკეტს საქართველოს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ დანაშაულებთან მიმართებით არაერთხელ ვთქვით, რომ მკაცრ პოლიტიკას ვუჭერთ მხარს და ეს პრაქტიკაში რეალურად ასეა. ძირითადად, ვიყენებთ იძულების უკიდურეს ღონისძიებებს, ძირითადად ამ ადამიანებს ვაკავებთ. საკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული. ოჯახში ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, სადაც მსხვერპლები ჯერ კიდევ თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი დანაშაული, რომელზეც დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით დღეს რაღაცა პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა და ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოდით ხვალ შევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ა.შ. ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს ჩვენებების შეცვლის პრობლემაზე. მისი განმარტებით, კანონის თანახმად, მსხვერპლებს უფლება აქვთ, ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცენ და ისინი ამ უფლებით სარგებლობენ.

„პრობლემაა ჩვენებების შეცვლა იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, მსხვერპლებს უფლება აქვთ, ჩვენება არ მისცენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ და ისინი ამ უფლებას საკმაოდ აქტიურად იყენებენ. ზოგჯერ ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებისა და სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატების მხრიდანაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენების არმიცემის გამო, ასეთ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენი და მოძალადე გარეთ​ აღმოჩნდება-ხოლმე. ეს პრობლემა შესწავლილი გვაქვს.

ჩვენ, უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ამ მიმართულებით უახლოეს დღებში წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და შემდეგ დაიწყება უკვე საპარლამენტო განხილვები. ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს იმისთვის, რომ მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ეს განცხადებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“, გააკეთა.