ნათია მეზვრიშვილი - რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი
ნათია მეზვრიშვილი - რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი

რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ვერავინ დაარღვევს პოლიციის კორდონებს და ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში იმუნიტეტით ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.

„როგორც წესი, შსს-ს დარღვევებზე აქვს ხოლმე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რამე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება ისჯება კანონით. მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ უკვე მოახდინა რეაგირება – დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირისა და პირების ქმედებები, ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება. ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი