ნათია მეზვრიშვილი - „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება
ნათია მეზვრიშვილი - „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო სანქციები მკაცრდება. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა და მისი შეფასებით, არც ერთი პირი, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება ე.წ ქურდულ სამყაროსთან, დაუსჯელი არ დარჩება და ყველა ასეთი დამნაშავე პასუხს სისხლის სამართლის კოდექსით აგებს.

„ჩვენ ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“ და „კანონიერ ქურდებთან“ არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით, თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით, ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი. დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია. ვამკაცრებთ არსებულ სანქციებს და მაგალითად, „კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.