ნათია მეზვრიშვილი - „ქართული მარში“ იქნება თუ ლგბტ თემი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ
ნათია მეზვრიშვილი - „ქართული მარში“ იქნება თუ ლგბტ თემი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ

მინდა, მოვუწოდო როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „თბილისი პრაიდის“ გუნდის მიერ გუშინდელ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„შსს-ს არაერთხელ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ: სადაც არ უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, იქნება ეს „ქართული მარში“ თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონის ფარგლებს, დავიცავთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ის განცხადება, რაც ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება.

„სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს, ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში. ასეთი შეუთანხმებელი ნაბიჯები აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, რაც ჩვენი ყველას ინტერესი უნდა იყოს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ. შედეგების შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივ არასამთავრობოებს, სახალხო დამცველს მივაწოდეთ. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ამიტომ, სანამ ივნისი არ მოახლოვდება, რაიმეზე გადაჭრით საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ გუნდმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული მეორე სამუშაო შეხვედრის შესახებ. „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება.