ნათია მეზვრიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულზე სპეციალიზებული გამომძიებლები გვეყოლება
ნათია მეზვრიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულზე სპეციალიზებული გამომძიებლები გვეყოლება

ახალი დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იქმნება, განვიხილავთ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, დისკრიმინაციული მეთოდით ჩადენილ დანაშაულს, ტრეფიკინგს და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს დანაშაულები შსს–სთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს და გადავწყვიტეთ, ცენტრალიზებულ დონეზე ისეთი სტრუქტურული ერთეული შევქმნათ, რომელიც სრულ კოორდინაციაში იქნება ადგილებზე იმ გამომძიებლებთან, რომლებმაც ამ კატეგორიის საქმეებზე უნდა იმუშაონ. დეპარტამენტი მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ერთგვარად, გამოძიების ხარისხის კონტროლს განახორციელებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, დეპარტამენტის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იქნება მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან და ყველა იმ აქტორთან, რომლებიც ასეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არიან ჩართული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებულ გამომძიებელთა შესაძლებლობების გაზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ახალი დეპარტამენტი პოლიციის აკადემიასთან ერთად იზრუნებს.

„ამასთან, ჩვენ გვეყოლება ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მეთოდით ჩადენილ დანაშაულზე სპეციალიზებული გამომძიებლები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.