ნათია მეზვრიშვილი - ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა, როგორც კაცებს
ნათია მეზვრიშვილი - ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა, როგორც კაცებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ საუბარი, თითქოს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობდა, ქალი პოლიციელები არ უნდა მდგარიყვნენ, სამართალდამცველ სისტემაში ქალთა როლის დაკნინებას ემსახურება.

„ოპოზიციამ აქცია დააანონსა. როგორც აქციების დაანონსების წინა დღეებში ვიქცევით, დღესაც ინფორმაცია გავავრცელეთ, რომ პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავდა. თუ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმდენი მოვიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, მათი ინტერესების დაცვა სამინისტროს შიგნით ერთ-ერთი პრიორიტეტია. განცხადებები მოვისმინე, თითქოს, ქალები იქ არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია პოლიციის სისტემაში ქალი პოლიციელების როლის დაკნინებად“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სისტემაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ ქალები.

„როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ორი მოადგილე ქალია და ეს საკითხის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. ამ საკითხზე აპელირება პოლიციაში ქალის როლს აკნინებს, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს და ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, არ ვიცი, დილიდან კონფერენციაზე ვიყავი. თუ უბრალოდ დამთხვევა არ იყო, რადგან კახეთში ბევრი ქალი პოლიციელი მუშაობს და რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები, თუმცა ეს არ უნდა იყოს თემა, რადგან ამ მიმართულებით სამინისტროში მკაცრი პოლიტიკა გვაქვს“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი გაიმართა. სასამართლომ დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეუფარდა. პარალელურად, სასამართლოს შესასვლელთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ. სასამართლოს შენობასთან განლაგებულ სამართალდამცველებს შორის ქალებიც იყვნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, რომ სექსისტური იყო.