ნათია მეზვრიშვილი - პოლიტიკური დევნა სამწუხაროა გუნდისგან, რომელიც მოვიდა იდეით, ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი მთავარი პრინციპი
ნათია მეზვრიშვილი - პოლიტიკური დევნა სამწუხაროა გუნდისგან, რომელიც მოვიდა იდეით, ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი მთავარი პრინციპი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით პარტიის პროგრამული ხედვები გააცნო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მეზვრიშვილმა არასამთავრობოებს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ფაქტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„არასამთავრობო სექტორს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენი პარტიის წევრების, მხარდამჭერების და პარტიის მიმართ უბრალოდ ლოიალური ადამიანებისადმი განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მთელ საქართველოში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი აქვს და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები“, – ამბობს მეზვრიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების მიერ მათი პარტიის მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

„გუშინ მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტისას ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს მოუწყვეს პროვოკაცია. კასპის კოლეჯის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს იმის გამო, რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერია. ასეთები ქეისები ყოველდღიურობაა – ასეთი შემთხვევები არის ქუთაისშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, შიდა ქართლშიც. ხდება ოფისების ნაწილში პრობლემების შექმნა – ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ქეისი, ანალოგიური მოხდა გორში, შიდა ქართლში სხვა ოფისების გახსნის დროსაც – ეს უკვე იქცა ყოველდღიურობად. ეს ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესებს აქტიურად ვაკვირდებით წლების განმავლობაში – სამწუხაროა, რომ ეს მეთოდები პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა 2011-2012 წლებში იყენებდა და ძალიან სამწუხაროა ეს გუნდისგან, რომელიც ხელისუფლებაში იმ მთავარი იდეით და მიზნით მოვიდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი  პარტიის მთავარი ძირითადი პრინციპი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი