ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციას შოუ სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ
ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციას შოუ სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ

ოპოზიციას შოუ სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყვნენ უკმაყოფილო, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„შესაძლოა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის იქ მისვლას ოპოზიცია ცოტა სხვა მიზნებით ითხოვდა, რათა იქ არ ყოფილა შინაარსობრივი დისკუსია და ჩემი სახით, წარმოდგენილი იყო ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა დეტალზე აქვს ინფორმაცია, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია და ფლობს ინფორმაციას, როგორც ჯანდაცვის სექტორში არსებულ ვითარებაზე, ისე ნებისმიერ სამინისტროში არსებულ ვითარებაზე, პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, მათ შეეძლოთ, ამ კითხვებზე პასუხები მიეღოთ და ეს პასუხები მიიღეს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა მოტივაცია იყო“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარმოდგენა რეგლამენტით არის გათვალისწინებული. 

„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელშიც ცვლილებების შეტანას ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ამ რეგლამენტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის საკითხის განხილვისას პარლამენტში შეიძლებოდა, ყოფილიყო როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე მისი წარმომადგენელი. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი გახლდით მე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ტყუილია ის, თითქოს, პარლამენტში რაღაც კითხვებს პასუხი არ გაეცა.

„მე ძალიან დეტალურად ვისაუბრე, რა იყო თითოეული შეზღუდვის მიზანი. ჩვენ შევზღუდეთ ისეთი უფლებები, რომელიც მობილობას შეამცირებდა და უზრუნველყოფდა იმას, რომ მოქალაქეთა შორის სოციალური დისტანცია დაცული ყოფილიყო, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც დღეს პანდემიას ებრძვის, არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს და ადრეულ ეტაპზე მოხდეს გავრცელების პრევენცია. აი, ამ წინაპირობებზე ვსაუბრობდით დღეს და მთავარი, რის გამოც ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარი უნდა დაეჭირა, ის იყო, რომ ეს ჩვენ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის შესანარჩუნებლად გვჭირდება. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადავიდეთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე და რაც შეიძლება, მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენა რეალურად, არაფერს შეცვლიდა.