ნათია მეზვრიშვილი - მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ზრდის რეფორმების განხორციელების ეფექტიანობას
ნათია მეზვრიშვილი - მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ზრდის რეფორმების განხორციელების ეფექტიანობას

მთავრობამ შეიმუშავა და გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც თვისობრივად ცვლის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ეფექტური კოორდინაციისა და სწორი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.

„მთავრობის და საჯარო უწყებების ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა და ამ კონკრეტული საკითხების პრიორიტეტულობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა. იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმები იყოს შედეგებზე ორიენტირებული და მივაღწიოთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს, საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური კოორდინაცია და სწორი სტრატეგიული დაგეგმვა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ცვლილებებს გამოიწვევს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს და რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ნათია მეზვრიშვილმა იმ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახლად შექმნილ სახელმძღვანელოში გაწერილი წესების პრაქტიკაში დანერგვა მოიტანს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„ვფიქრობთ, ამ წესების პრაქტიკაში აღსრულების შედეგად, მთავრობის საქმიანობა გახდება უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული და გაზომვადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაიზრდება კოორდინაციის ხარისხი და ამ პროცესს მთავრობის ადმინისტრაცია გაუძღვება. ადმინისტრაციაში ჩვენ გვაქვს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი. გაიზრდება ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, როგორც სამოქალაქო სექტორთან, ისე ჩვენს სხვა პარტნიორებთან. სავალდებულო გახდება პოლიტიკის დოკუმენტებზე საჯარო კონსულტაციების ჩატარება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მტკიცებულებებს და შესაბამისი მონაცემების არსებობას, რაც პოლიტიკის სწორად დაგეგმვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, მთავრობის ეფექტიანობა რეფორმების განხორციელების პროცესში, საბოლოო ჯამში გაიზრდება,“- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ნათია მეზვრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ამ ეტაპზე, უკვე 300-მდე საჯარო მოხელე გადამზადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიტანეთის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების როლი და არასამთავრობო სექტორის გაზრდილი ჩართულობა რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ძალიან მალე გვექნება ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესის სრული ავტომატიზაცია მოხდება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაამარტივებს კომუნიკაციას საჯარო უწყებებს შორის. ჩვენ გავზარდეთ ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეფორმების შექმნის, ისე შეფასების ნაწილში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია. ჩვენ ვისაუბრებთ არა მარტო მიღწევებზე, არამედ გამოწვევებზეც, რათა ისინი ერთობლივად დავძლიოთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საჯარო უწყებებსა და მოხელეებს აქტიური თანამშრომლობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ბრიტანეთის მთავრობას, UNDP-ს და USAID-ს, რეფორმების განხორციელების პროცესში ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. აუდიტორიას გახსნითი სიტყვით ასევე მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოწვეულმა სპიკერმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, დონორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნული ცვლილებები, მიღწეული პროგრესი და შესაძლო გამოწვევები პრაქტიკაში. პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის დანერგვის მიზანია მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, იმგვარად, რომ რეფორმები და პროექტები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება საჯარო უწყებების მიერ, იყოს მეტად შედეგებზე ორიენტირებული და მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი მოქალაქეებისთვის.