ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, გორში მოკლული გოგონას ოჯახი დააზიანოს
ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, გორში მოკლული გოგონას ოჯახი დააზიანოს

მოვუწოდებთ ყველას, ვინც გორში დატრიალებულ ტრაგედიას აშუქებს ან საქმეზე რაიმე ინფორმაციას ფლობს, თავი შეიკავეთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, ოჯახი დააზიანოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გორში მოკლული გოგონას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, შსს შეგნებულად არ ასაჯაროებს აღნიშნული საქმის იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე უკვე გაასაჯაროვა.

„გულწრფელად მინდა, გითხრათ, შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრის მხრიდან.

უმორჩილესად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და ვინც ამ ფაქტებს აშუქებს, ასევე ვინ რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავის შეიკაონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, ოჯახი დააზიანოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.