ნათია მეზვრიშვილი – მავნე და არამავნე ნარკოტიკებსა და ლიბერალიზაციაზე მსჯელობა ნარკოდანაშაულს ახალისებს

12:46, 08.05.2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მავნე და არამავნე ნარკოტიკებზე მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ნარკოტიკების ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს. ამის შესახებ მეზვრიშვილმა შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

​„აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ – არა.

ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი