ნათია მეზვრიშვილი - კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ნათია მეზვრიშვილი - კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი ფუნქცია გაფართოვდეს.

„2018 წლის დასაწყისში შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი ხუთი ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი ხუთი მიმართულებით, როგორიცაა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და სხვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ დანაშაულებზეც“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ამჟამად სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია.

მეზვრიშვილმა ასევე დააანონსა, რომ 2019 წლისთვის სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებაზე.