ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება მიზნობრივი სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ ნაბიჯებსა და შეზღუდვების თანმიმდევრული შემსუბუქების გეგმას 24 აპრილს წარმოადგენს
ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება მიზნობრივი სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ ნაბიჯებსა და შეზღუდვების თანმიმდევრული შემსუბუქების გეგმას 24 აპრილს წარმოადგენს

ანტიკრიზისულ გეგმაზე ხელისუფლებამ უკვე იმუშავა და არსებობს გარკვეული შედეგები, რომელსაც პარასკევს წარმოვადგენთ; მიმდინარეობდა მთავრობის, პარლამენტისა და მნიშვნელოვანი აქტორების ძალიან აქტიური დისკუსიები ანტიკრიზისულ გეგმაზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ეტაპობრივად გეგმის წარმოდგენა გასული დღეების განმავლობაშიც დაიწყო – პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის, სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; მთავარ სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაზღვევის საკითხი, რომელიც ასევე მოგვარდა, რათა პროდუქტები არ გაძვირებულიყო; სამი თვით გადავადდა სესხების მომსახურება მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის და ა.შ.

„ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, შემდეგი ნაწილი გახლავთ 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ეს რესურსი მოზიდულია საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან, და უკვე შემდგომი ეტაპი იქნება 24 აპრილს. პარასკევს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს, რაც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები. უპირველესად, ეს გახლავთ პანდემიის ე.წ. კომპენსაციის, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქებისა და ეკონომიკის ამუშავების, გახსნის გეგმა.

რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას, ამაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას ხელისუფლება და საზოგადოებას, ბუნებრივია, დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ვიმედოვნებ, საკმარისი არგუმენტაცია წარმოვადგინეთ იმისთვის, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებას 22 მაისის ჩათვლით და ვიმედოვნებ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ, არსებული სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ და ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო შევანელოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში“, – მიმართა ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატებს.