ნათია მეზვრიშვილი - ოთხმა დეპუტატმა კულტივაციის კანონპროექტის გატანის შესახებ საკითხი ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დააყენა 
ნათია მეზვრიშვილი - ოთხმა დეპუტატმა კულტივაციის კანონპროექტის გატანის შესახებ საკითხი ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დააყენა 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების განცხადებას უპასუხა.

“ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ეს განცხადება, რომელიც დღეს კომიტეტზე გაკეთდა, რადგან დასაწყისშივე ვთქვი ნათლად და გასაგებად, იურიდიულ კომიტეტზე სანამ გავიდოდი, რომ დღეს ჩვენ გამოვიტანეთ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი. კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეჩერებულია. დღის წესრიგში ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. რატომ შეჩერდა ეს საზოგადოებამ კარგად იცის. გვსურდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგვემართა საზოგადოების ფართო წრეებთან. დღეს კომიტეტმა ეს საკითხი დააყენა ჩემი აზრით, აბსოლუტურად შეუთანხმებლად, ფართო წრეებთან მსჯელობის გარეშე, მათ შორის, არ ყოფილა ამ საკითხზე მსჯელობა კომიტეტის მხრიდან არც პარლამენტის სხვა წრეებთან და არც მთავრობის წევრებთან. შესაბამისად, რადგან ამ ტიპის განცხადებები გააკეთეს, იმსჯელებს მთავრობა ახლა ამ საკითხზე და პროცედურა როგორიც არის, ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. მთავრობას არ მოუმართავს ჯერ გაწვევაზე, ჯერ გაჩერებულია. დღეს ეს საკითხი არ იხილება. დღეს, პარლამენტართა ვიწრო ჯგუფმა – ოთხმა კაცმა, ეს საკითხი დააყენა კომიტეტზე, აბსოლუტურად მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. მთავრობა ამ საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილება რაც იქნება მიღებული, საზოგადოებას ეცნობება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევა დღეს მოითხოვა.