ნათია მეზვრიშვილი - ინტერნეტში გავრცელებული მუქარის ფაქტზე შსს-ს ისეთივე მყისიერი და კანონიერი რეაგირება ექნება, როგორც ქუჩაში მომხდარი დანაშაულის შემთხვევაში
ნათია მეზვრიშვილი - ინტერნეტში გავრცელებული მუქარის ფაქტზე შსს-ს ისეთივე მყისიერი და კანონიერი რეაგირება ექნება, როგორც ქუჩაში მომხდარი დანაშაულის შემთხვევაში

ინტერნეტ საშუალებებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ თითოეულ ფაქტზე, შსს–ს რეაგირება მყისიერი, ადეკვატური და კანონიერი იქნება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული დანაშაულის, თუ სხვა სამართალდარღვევის შემცველი ინფორმაცია ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ჩვენი რეაგირება მყისიერი იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია მუქარის განმახორციელებელი პირების ვინაობის დადგენა მაშინ, როცა მუქარის შემცველი გზავნილები უმეტესად, ყალბი, ე.წ. ფეიკ ექაუნთებიდან ხდება, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში დანაშაულმა და სამართალდარღვევებმა გარკვეულწილად, ქუჩიდან ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ბოლო პერიოდის განმავლობაში, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი განცხადებები არც თუ ისე იშვიათად ვრცელდება, მაგრამ შსს–ს რეაგირება ამ შემთხვევებშიც ისეთივე მყისიერი და კანონიერი იქნება, როგორც ქუჩაში მომხდარი დანაშაულის შემთხვევაში.

„თუ დანაშაული, სამართალდარღვევა ქუჩაშია ჩადენილი, ამაზე რეაგირებას ვახდენთ და გამოძიებას, ან ადმინისტრაციულ წარმოებას ვიწყებთ. იმის მიუხედავად, ინფორმაცია შსს–სთვის რა ფორმით არის მოწოდებული და სამინისტროს ამაზე ხელი რა ფორმით მიუწვდება, იქნება ეს სოციალური ქსელი, თუ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, თუ ის დანაშაულისა და სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, ამაზე ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ და თუ საფუძველი იარსებებს, რა თქმა უნდა, გამოძიებას დავიწყებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუჩაში დანაშაულის და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით იოლია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ხშირად, ადამიანები ყალბ პროფილებს იყენებენ. თუმცა, სამინისტროს შიგნით მიმდინარე ტექნოლოგიური განახლების პროცესი და საკანონმდებლო ჩარჩო ბულინგის შემთხვევების, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში მოზარდების მიმართ გავრცელებული ბულინგის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას იძლევა და სამინისტრო მზაობას აცხადებს, ასეთი პირები დაადგინოს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენოს.