ნათია მეზვრიშვილი - ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ
ნათია მეზვრიშვილი - ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ  დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორი არის გაცილებით მეტად მომზადებული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა ინფიცირების გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, უნდა მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება გამხდარიყო შესაძლებელი და მთავრობამ ეს შეძლო.

„ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და ამ მიზნით ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეგვეკავებინა. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და გავატარეთ განსაკუთრებით მკაცრი ზომები. დღეს არსებობს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა იმიტომ, რომ შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად ჩვენ ეს შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა არის მომზადებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ. ამიტომ, ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.