ნათია მეზვრიშვილი - განცხადება, რომელიც მკვლელობამდე მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციაში შეიტანეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს იძლეოდა
ნათია მეზვრიშვილი - განცხადება, რომელიც მკვლელობამდე მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციაში შეიტანეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს იძლეოდა

პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები სამომავლოდ, შესაძლოა, რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილის კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე – რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციას მომართეს. ამ პირის შეწყალების შემდეგ, პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ, ეს ადამიანები, შესაძლოა, რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები  გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, განცხადება, რომელიც ბარნოვზე მოკლულმა ქალმა და მისმა დედამ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციაში შეიტანეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს იძლეოდა.

„პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი, რა თქმა უნდა, გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში, 800-ზე მეტი პიტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების, რა თქმა უნდა, ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ეს განცხადებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“, გააკეთა.