ნათია მეზვრიშვილი - ჩვენს ინტერესშია, მალე დასრულდეს გამოძიება და ობიექტური პასუხები გაეცეს კითხვებს, რაც ჩვენი მოქმედებების მიმართ არსებობს
ნათია მეზვრიშვილი - ჩვენს ინტერესშია, მალე დასრულდეს გამოძიება და ობიექტური პასუხები გაეცეს კითხვებს, რაც ჩვენი მოქმედებების მიმართ არსებობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესშია, მალე დასრულდეს გამოძიება, რომელიც 20 ივნისის აქციაზე უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა კითხვაზე 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენების შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, გამოძიება რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს – გამოძიებას სამოხელეო დანაშაულზე პროკურატურა აწარმოებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, გარდა ამისა, პროკურატურა აწარმოებს პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიებას.

„ცოტა შორიდან დავიწყებ, ვინაიდან მე პირადად ამ საკითხზე პირველად ვაკეთებ კომენტარს. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო იმით, რომ რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე, არამარტო იქ მყოფი ადამიანებისთვის, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, არამედ ქართული პოლიციისთვისაც და პირადად ჩვენთვისაც, რადგან დარწმუნებული ვარ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ოკუპაცია და ზოგადად ეს საკმაოდ მძიმე საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, აღელვებს არა მარტო იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ, არამედ თითოეულ პოლიციელს“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ფაქტებზე, სადაც შესაძლოა, უფლებამოსილების გადამეტება გამოიკვეთოს, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესშია, ეს გამოძიება მალე დასრულდეს.

„რაც შეეხება ამ საკითხს, რაც საზოგადოებამ კარგად იხილა, გარკვეული ფაქტები, სადაც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება გამოიკვეთოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. არ ვიცი, შესაძლოა, სუბიექტური ვიყო შეფასებაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე საქმეა, საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი. ალბათ, უმჯობესია, ეს კითხვა პროკურატურას დავუსვათ, მაგრამ მასშტაბური ღონისძიება იყო, უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, უამრავი კამერის ჩანაწერია ამოსაღები, ასობით და ათასობით ადამიანია დასაკითხი, რომელიც იქ იყო. ძალიან ბუნებრივია, რომ 24 და 48 საათში გამოძიება ვერ დასრულდება.

ახლა რაც შეეხება ჩვენს ინტერესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესშია, რომ ეს გამოძიება მალე დასრულდეს, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესშია ობიექტური პასუხები გაეცეს ყველა კითხვას, რაც არსებობს სამინისტროს და ჩვენი მოქმედებების მიმართ“, – განაცხადა ნათია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

დატოვე კომენტარი